ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა გრძელდება - ღონისძიების ფარგლებში ქალაქ არუშაში მყოფი საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ტანზანიის სპიკერს და მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელს. დღეს კი პარლამენტის სპიკერი აზიის სხვა სახელმწიფოების, ასევე ევროპის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერებსა და დელეგატებს შეხვდება.
მთავარი აქცენტი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებაზე კეთდება. სუვერენული სახელმწიფოების გლობალურ ფორუმში 150 ქვეყნის 2 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ საპარლამენტო დიპლომატიის მთავარ პრიორიტეტს ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და შუა დერეფნის ეკონომიკური როლის გაძლიერება წარმოადგენს.
"საპარლამენტო დიპლომატიის მთავარ ინსტრუმენტად ვიყენებთ საუბარს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, აგრეთვე ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისა და შუა დერეფნის როლის გაძლიერებაზე. სწორედ ეს იქნება ძირითადი საკითხები, რომლებსაც ორმხრივ შეხვედრებზე დავაყენებთ ევროპის, აფრიკის, შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან. მათთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ისე გაეროს რეზოლუციებში ჩვენი პოზიციებისთვის მეტი სახელმწიფოს ხმის დასაჭერად", - აცხადებს მარიამ ლაშხი.