პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ნოემბერში დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმზე საუბრობს. პარტრიის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს ფორუმის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. მათი განცხადებით, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დაფუძნების მთავარი მიზანი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ დოგმებისა და ილუზიების ნაცვლად რაციონალური მსჯელობის შემოტანაა.
მათი თქმით, სწორედ ეს არის საერთაშორისო ფორუმის - "საქართველო-მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმის" მიზანიც, რომელიც 5-6 ნოემბერს თბილისში გაიმართება.
პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ პარტია, საზოგადოებას თავისუფალ სადისკუსიო სივრცეს სთავაზობს.
"მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის მეშვეობით, როგორც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტის იდეის ინიციატორები, საზოგადოებას ვთავაზობთ თავისუფალ სადისკუსიო სივრცეს, სადაც ამ თემაზე რაციონალური მსჯელობა იქნება შესაძლებელი.
ეს ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ნეიტრალიტეტის იდეის წინააღმდეგ ხშირად ვრცელდება ცრუ პროპაგანდა და იარლიყები, რომლებითაც საზოგადოებაში მცდარი აღქმების დანერგვას ცდილობენ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნეიტრალიტეტი ჩვენთვის არ არის დროებითი მანევრი ან სისუსტე - ეს არის სახელმწიფოს სტრუქტურული ჩარჩო, რომელიც მყარად განსაზღვრავს საქართველოს ადგილს გეოპოლიტიკურ სივრცეში და უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას", - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.