08 ოქტომბერი 2026,   09:46
ვრცლად
ბიუჯეტის პროექტი ასახავს დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას - ირაკლი მეზურნიშვილი

საპარლამენტო კომიტეტები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას განაგრძობენ. თემაზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ.

პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასები, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი წლის ბოლომდე დამტკიცებული უნდა იყოს.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალურ საკითხებზე.

"ბიუჯეტის პროექტი ასახავს დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მაღალი. სულ ახლახანს მსოფლიო ბანკმაც გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

ტრადიციულად, ჩვენი ბიუჯეტი არის ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე, განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები. 233 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი საგარეო მიმართულებით ბიუჯეტი, ჩვენ ტრადიციულად უნდა ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

დღის ამბები