08 ოქტომბერი 2026,   09:57
ვრცლად
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მორიგ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან

საქართველოს საკითხზე მორიგ რეზოლუციას უნდა უყარონ კენჭი დღეს ევროპარლამენტში. დოკუმენტის პროექტში დაგმობილია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა. მოთხოვნათა ჩამონათვალშია მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმრების გათავისუფლება, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესება.

კენჭისყრამდე კი, ევროპარლამენტში, თითქმის ცარიელ დარბაზში, საკითხზე დებატები შედგა. ისმოდა საქართველოს ხელისუფლების როგორც კრიტიკული, ისე მხარდამჭერი განცხადებები.

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, რეჟიმი ციხეში სვამს მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობს. "უნდა ვიმოქმედოთ ახლა. სანქციები აუცილებელია", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარ ლუიჯი მორგანტის განცხადებით კი, საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის. "ათასობით მოქალაქე ავსებს მოედნებს უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით", - განაცხადა მორგანტიმ.

ევროპარლამენტარი კშიშტოფ სმიშეკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის წარსულში, საჭოთა დროში დაბრუნება სურს. "პაპუაშვილს და სხვებს, რეალურად, საბჭოთა დროში დაბრუნება სურთ. მათ სურთ მთელი საქართველო ფილმიდან "უკან მომავალში", დროის მანქანაში ჩასვან და წარსულში გადაისროლონ", - განაცხადა სმიშეკმა.

ცნობისთვის, 70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით "საქართველოში მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები".

რეზოლუციის პროექტის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა. პროექტის კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი.

დღის ამბები