ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ინიციატივის - "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ჯამში, 116 ნერგი დაირგო.
პროცესში პირველკლასელები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
"ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებასთან უშუალო ურთიერთობის წახალისებასა და გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბებას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნავს, რომ პროცესში არა მხოლოდ პირველკლასელები, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
"ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლაში განხორციელდა ხეების დარგვის პროცესი, რომელშიც მონაწილეობდნენ პირველკლასელები. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს და რამეთუ გახარებულები არიან, ჩვენც ჩართული ვიყავით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობა, მომავალში სასიამოვნო იქნება დაბრუნება იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც თავიანთი პირველი ხე დარგეს ეზოში", - აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.