პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იწყება.
კანონპროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე იმსჯელებენ. პროექტით არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის მეტ მოქნილობას.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, საარჩევნო კანონმდებლობის ნებისმიერ ცვლილებას არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია საკუთარი დემაგოგიური წიაღსვლებისთვის იყენებს.
"არანაირი გასაჩივრების უფლება პარტიებს არ ერთმევათ ოქმებისა, მხოლოდ ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე მოკლდება ვადები შემაჯამებელი ოქმის მიღების ცესკოს მიერ, ასევე სხვა ტექნიკური საკითხები, რომელიც წმინდა წყლის ტექნიკურ ხასიათს ატარებს და აბსოლუტურად არ ეხება და არავის არ ართმევს უფლებას საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით მოახდინონ კონკრეტული ჩარევა, საკუთარი ნება გამოხატონ გასაჩივრების თვალსაზრისით საარჩევნო კომისიებსა თუ სასამართლოებში, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერ ცვლილებას, გაუმჯობესებას საარჩევნო კანონმდებლობის, არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია საკუთარი დემაგოგიური წიაღსვლების გასაჯაროებისთვის იყენებს", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტში მათი მხარდაჭერა ამ ცვლილებას არ ექნება, რადგან თვლის, რომ მონაწილე მხარე იქნება შეზღუდული დარღვევების გასაჩივრებაში.
"ამ ცვლილებას პარლამენტში ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება იმ ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ფაქტობრივად გამორიცხავს გასაჩივრების მექანიზმის და ზოგადად სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. კარგად ვხედავთ რა მიზანს ემსახურება ეს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება, რომ მონაწილე მხარე იყოს შეზღუდული რეალურად დარღვევების გასაჩივრებაში, ეს გასაჩივრება არის დასული მხოლოდ და მხოლოდ რაღაც მათემატიკურ უზუსტობასთან. მთელი აქცენტი გადადის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.