ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ახლახან გარდაცვლილი ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას დაესწრო. გამოფენა მხატვრის ხსოვნის პატივსაცემად მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 100-მდე ფერწერული ტილო, მათ შორის პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები, რელიგიურ და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. ეს მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენაა.
ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი მხატვარი გახლდათ. მან ხატვა 65 წლის ასაკში დაიწყო. იგი მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გარდაიცვალა.
მხატვრობასთან ერთად, ავთანდილ რეხვიაშვილი წარმატებული სპორტსმენიც იყო. იგი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში სპორტის ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ.
წლების განმავლობაში, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. იგი კადრების მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილის, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების კადრების განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობებს იკავებდა.