09 ნოემბერი 2026,   18:42
ვრცლად
წელს მნიშვნელოვან ნიშნულს მივაღწიეთ ჩინეთთან ურთიერთობებში, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა და რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას მოაქვს ხელშესახები შედეგები - ნიკოლოზ სამხარაძე

ჩინეთის მმართველი პარტიის მიწვევით ქართული დელეგაცია პეკინში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები, როგორც პარლამენტში, ასევე ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. ვიზიტის მთავარი მიზანი ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებაა. დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით იზრდება, მათ შორის, ტურიზმის, ავიამიმოსვლისა და ვაჭრობის სფეროებში.

"ჩვენი მთავარი ამოცანა არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება. წელს საკმაოდ მნიშვნელოვან ნიშნულს მივაღწიეთ ჩინეთთან ურთიერთობებში, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა და რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას მოაქვს ხელშესახები შედეგები, გაიზარდა ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში, გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა, გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა ჩინეთსა და საქართველოს შორის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. თუმცა, ჩვენ უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს, მათ შორის შუა დერეფანთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თან ერთვის ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტისა, რომელიც გუშინ დასრულდა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

გვექნება შეხვედრები ასევე პარლამენტშიც, გვექნება შეხვედრები ქალთა ორგანიზაციაში, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში. ასევე, გვექნება ლექცია ჩინეთის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში და ვიზიტის ბოლოს მოვინახულებთ ქალაქ ჰანჯოუს, რომელიც არის ჩინეთის ინოვაციების და ტექნოლოგიების თანამედროვე დედაქალაქი", - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები