11 ნოემბერი 2026,   12:23
ვრცლად
"თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა ამ ხელისუფლებამ - როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება ეს მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში" - მეუფე იობი

პოლიტიკური განცხადებები ამბიონიდან - ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი ხელისუფლებას და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს უპირისპირდება. ქადაგებაში ამბობს, რომ სასულიერო პირები დღეს სიმართლეს აღარ ლაპარაკობენ, ხელისუფლებამ კი თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა.

მიტროპოლიტის თქმით, ქვეყანაში ეროვნული ინტერესები სათანადოდ აღარ იგრძნობა, სასულიერო პირთა უმრავლესობა კი თანამდებობის პირებს დაემსგავსა. 

"თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება ეს მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ, რომ არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები, აღარ არის ქვეყანაში. სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით", - აცხადებს მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი (აქიაშვილი).

მიტროპოლიტი იობი ის სასულიერო პირია, რომელიც არ მალავს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. არაერთხელ ითხოვდა პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებასაც. მხარს უჭერდა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც პატრიარქ ილია მეორეს უპირისპირდებოდნენ, მას თავადაც სურდა პატრიარქობა. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე კი, რომელიც მის სახელს უკავშირდება, მე-6 საუკუნის ისტორიული ძეგლის, ზღუდერის ეკლესიის განადგურებაა.

დღის ამბები