საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78 ხმით „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინა წაქაძემ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, უქმდება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომლის თანახმად, „სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირს აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებითი გასვლის უფლება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით“.
შესაბამისად, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემდეგ, გამოცდის ჩატარების დადგენილი წესისა და განრიგის შესაბამისად, განმეორებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში.