11 ნოემბერი 2026,   18:25
ვრცლად
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 მომხრით, 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურების ერთგვაროვნად მოწესრიგებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ისე საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენა განხორციელდება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს.

ასევე, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენას განახორციელებს ცესკო - საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მითითებული მონაცემებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.

ცვლილების პროექტით, ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების, შუალედურ არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრისა და ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-9 დღიდან.

ამასთანავე, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-9 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება.

ცვლილებები ასევე შეეხება: ცესკოს საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საფუძვლებს, საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებებს, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულებას შუალედური არჩევნების დროს და სხვა.

დღის ამბები