11 ნოემბერი 2026,   23:13
ვრცლად
ზვიად შალამბერიძე: სისტემურ დანაშაულებს, რომლებიც ხდებოდა 2004-დან 2012 წლის ჩათვლით, ეს ადამიანები უწოდებენ გადაცდომებს. ეს იყო სისტემური დანაშაული, რაზეც დღევანდელ დღეს უწევს სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხის გაცემა

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და მმართველი გუნდის არგუმენტები  - "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "ღამის კურიერში" თემასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ისაუბრა.

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, 2004-2012 წლებში, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ხდებოდა იმდენი და იმგვარი დანაშაული, რომელსაც სისტემური დანაშაული პირველად სტრასბურგის სასამართლომ უწოდა იმ ასეულობით საქმის განხილვის ფონზე, რომელიც მათი მმართველობის პერიოდში საქართველოდან გაიგზავნა, ასევე შალამბერიძემ ხაზი გაუსვა, რომ ახლაც, დღევანდელი გადასახედიდან, ყოფილი ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლები ამ სისტემურ დანაშაულს მხოლოდ გადაცდომად აფასებენ.

"იმ სისტემურ დანაშაულებს, რომლებიც ხდებოდა 2004-იდან 2012 წლის ჩათვლით, ეს ადამიანები ["ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები] უწოდებენ გადაცდომებს, ანუ გადაცდომები იყო ის გახმაურებული საქმეები, რომლებიც იგზავნებოდა სტრასბურგში და შევახსენებ საზოგადოებას, რომ ასეთი საქმე იყო 227 იმ წლებში, რომელიც მოხდა და რომელზეც სტასბურგმა დაადგინა, რომ ეს იყო სისტემური, სისტემატურად განხორციელებული დანაშაულები, რომლებშიც იყო ჩართული ხელისუფლების ყველა შტო, ისევე როგორც დანაშაულის დაფარვაში, როდესაც ესა თუ ის დანაშაული ხდებოდა და ჩვენ ვიცით არაერთ მაგალითი, როდესაც თითქოს დაიჭირეს ის ადამიანები, ვინც იყვნენ მხილებული დანაშაულში, მაგრამ რამდენიმე თვის თავზე ეს ადამიანები გამოუშვეს.

ვიცით ისეთი საქმეები, სადაც შეთითხნეს [ბრალდება], ზოგს აგენტობა დააბრალეს, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედება და ა.შ., "ფოტოგრაფების საქმე" მათ შორის. რეალურად, მთლიანი სისტემა მუშაობდა იმაზე, რომ ჯერ ერთი, შეექმნათ რაღაც გარკვეული დანაშაულები, რომლებიც დაუშვათ სჭირდებოდათ იმ მომენტში და მერე მთელი სისტემა ცდილობდა, ყველა სტრუქტურა, რომ ეს დანაშაულები დაეფარათ და მიეჩქმალათ.

დღეს როგორც ამბობენ, თურმე ეს ყოფილა გადაცდომა. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენ არ შეგვირაცხია, რომ ზოგადად ეს იყოს სისტემური, ეს დაარქვა პირველად სტრასბურგის სასამართლომ, იმიტომ, რომ ეს იყო ნამდვილად სისტემური დანაშაული, რაზეც დღევანდელ დღეს უწევს სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხის გაცემა", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები