პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას მმართველი გუნდის იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რატომ უნდა აგოს პასუხი "ნაციონალური მოძრაობის" გარდა იმ 4-მა ოპოზიციურმა პარტიამაც, რომლის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიუტუციო სასამართლო განიხილავს.
როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, მათი თანამშრომლობის არაერთი ფაქტი არსებობს და იმ ბრალდებებში, რაც კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება, დანარჩენ პარტიებსაც აქვთ პასუხისმგებლობის წილი, ვინაიდან მათთან კოალიციაში არაერთხელ შესულან, რაც ნიშნავს, რომ მათ ნარატივს არც თავად ემიჯნებოდნენ.
გარდა ამისა, შალამბერიძის თქმით, მაგალითად, გახარიას პარტია არასდროს გამიჯვნია 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს.
"არაერთი ფაქტი დაგვისახელებია, როდესაც ეს პარტიები შედიან კოალიციაში და ერთმანეთს ხელს უწყობენ იმისთვის, რომ საკრებულოში აირჩიონ თავმჯდომარეები, უმრავლესობით შევიდნენ საკრებულოს თვითმმართველობებში და ა.შ.
2024 წლის არჩევნებამდე შექმნეს კოალიცია. ისინი აცხადებდნენ, რომ როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, ერთად შექმნიდნენ კოალიციურ მთავრობას, არ ითანამშრომლებდნენ "ქართულ ოცნებასთან" - იგივე ეს "გახარიები" , "ლელო" და სხვადასხვა იქნებოდნენ ერთიან კოალიციაში. ძალიან კარგად გვახსოვს 2024 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე როგორ ზეიმობდნენ არჩევნების მოგებას.
გახარიას პარტიის განცხადება გვახსოვს, როდესაც ამბობდნენ - დაველოდოთ რა მოხდება 4 ოქტომბერს და მერე ვიმოქმედებთ შესაბამისადო. არ გვინახავს არცერთი პარტია, არც "ლელო", არც გახარია, რომ გამიჯვნოდნენ იმ ძალადობრივ აქტს, რომელიც 4 ოქტომბერს მოხდა.
პირიქით, ხშირად ისინი აქეზებდნენ [პროცესს]. ხელის ფშვნეტით ელოდებოდნენ, როგორ გადააბრუნებდნენ ხელისუფლებას ის ძალები, რომელთა ლიდერების ნაწილი ახლა ციხეშია, რომელთა ნაწილმა აღიარა დანაშაული და დღეს არის გარეთ",- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.