ევროპის მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც მას მსოფლიო პოლიტიკის სხვა წამყვანი აქტორებისგან გამოარჩევდა, ძლიერი იდენტობა იყო. ევროპას მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ძლიერი თვითმყოფადობა ჰქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე სუსტდება, ეს არის კიდევ ერთი უარყოფითი ტენდენცია, რომელსაც ვაკვირდებით. იმედი გვაქვს, რომ ეს მიმართულებაც შეიცვლება - როგორც ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ისე ევროპული იდენტობის შესუსტებასთან დაკავშირებული პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სუვერენიტეტი.
"წარსულში ევროპას ძლიერი ლიდერები ჰყავდა. თუ გავიხსენებთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს, დავინახავთ, რომ ისინი ძლიერი პოლიტიკური ლიდერები იყვნენ და საკუთარი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერით სარგებლობდნენ. დღეს ვითარება სრულიად განსხვავებულია. კონკრეტული სახელების დასახელება არ მსურს, მით უმეტეს, რომ ხვალ ზოგიერთ მათგანს პირადად შევხვდები. თუმცა ფაქტია, რომ ეს უკვე ის ევროპა აღარ არის, რომელსაც წარსულში ვიცნობდით.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არსებითად შეიცვლება ვითარება როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე ევროპული იდენტობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური ლიდერობის თვალსაზრისით. ჩვენ გვსურს, ვიყოთ ისეთი ევროკავშირის ნაწილი, რომელსაც ექნება ძლიერი იდენტობა, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი პოლიტიკური ლიდერობა. ეს არის ჩვენი მკაფიო სურვილი და მისწრაფება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.