"მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის. დავსხდეთ დებატებში და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაშიც დღევანდელ დღეს არ გვეთანხმებიან", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" საუბრის დროს განაცხადა.
როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, როდესაც "ქართული ოცნება" კონკრეტული სახელმწიფოების წარმომადგენლებთან მართავს დიალოგს და მოჰყავთ არგუმენტი, თუ რატომ დგამს ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს, მათთვის საქართველოს პოზიცია ცხადი ხდება, ამის ნათელი მაგალით კი ჩეხეთია.
"გვახსოვს ჩეხეთიდან ძალიან მკაცრი განცხადებები. გვახსოვს ჩვენი ხელისუფლების წევრების სანქცირებები. დაახლოებით ერთი წლის წინ იქ შეიცვალა ხელისუფლება. შესაბამისად, ახალ ხელისუფლებასთან ჩვენ არავითარი ურთიერთობა არ გვქონია, უბრალოდ ამ ადამიანებმა დაიწყეს მოსმენა.
ანუ რეალურად, ის ადამიანები უსმენენ იმ ფაქტებს, რომელიც რეალობაზე არის დაყრდნობილი, რომელსაც ჩვენ მათ წარვუდგენთ და რომლითაც ვესაუბრებით. ჩეხეთში ეს ჩემი მეორე ვიზიტი იყო. პირველ ვიზიტზე ბატონ ლევან მახაშვილთან ერთად ვიყავი და ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა გარკვეულ დონეზე, ახლა უმაღლეს დონეზე იყო, რაც საზოგადოებამ ნახა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. აღვნიშნე კიდევაც ჩემს ინტერვიუში, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა წამოვიღეთ ჩეხეთიდან.
ერთადერთი, რასაც ვამბობთ და პრემიერმაც ამას წინათ თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის. დავსხდეთ დებატებში და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაშიც დღევანდელ დღეს არ გვეთანხმებიან.
ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით დიალოგისთვის ევროკავშირთან. ჩვენ არასდროს არ დაგვიხურავს დიალოგის კარი, უბრალოდ მათ მოგვიხურეს ეს კარი და არც აპირებენ, რომ ჯერჯერობით დიალოგი განაახლონ.
ვისაც აქვს დიალოგის სურვილი და იმდენად მყარი არგუმენტები გვაქვს ყოველთვის, სადაც ჩავდივართ, ეს მე ვიქნები, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ნებისმიერი ჩვენი ხელისუფლების აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო წარმომადგენელი, ამ მყარი არგუმენტებით ჩვენ ყოველთვის მოვდივართ ასეთი მხარდაჭერით.
არ შეიძლება უბრალოდ ადამიანმა შეხედოს და წაიკითხოს, მოუსმინოს იმ არგუმენტებს, რასაც სთავაზობს საქართველო თავის პარტნიორებს და არ დაიჯეროს, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ფაქტი არის გამყარებული რეალური არგუმენტებით, რითაც ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.