12 ნოემბერი 2026,   00:53
ვრცლად
პრემიერი: არ ვაკონკრეტებთ ვის ვგულისხმობთ "გლობალური ომის პარტიის" ქვეშ, თუმცა ამ ტერმინით კონკრეტულ ადამიანებს მოვიაზრებთ. ევროპასა და აშშ-ში მოქმედი ეს ძალები ერთი და იგივე არ არის, ეს ადამიანები საქართველოზე გავლენისთვის ოფიციალურ ბერკეტებსაც იყენებენ

ჩვენ ხშირად არ ვაკონკრეტებთ, კონკრეტულად ვის ვგულისხმობთ "გლობალური ომის პარტიის" ქვეშ. თუმცა ამ ტერმინით სრულიად კონკრეტულ ადამიანებს მოვიაზრებთ. ამასთან, როდესაც "გლობალური ომის პარტიაზე" ვსაუბრობთ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ეს ძალები ერთი და იგივე არ არის, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები საქართველოზე გავლენის მოსახდენად ოფიციალურ ბერკეტებსაც იყენებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მაღალი ოფიციალური სტატუსის მქონე ადამიანმა პირდაპირ და კატეგორიულად მოითხოვა, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა, ეს ადამიანი "გლობალური ომის პარტიის" წარმომადგენელი იყო. 

"თქვენ ახსენეთ საქართველოს ომში ჩართვის საკითხი. როდესაც ვსაუბრობთ "გლობალური ომის პარტიის" ინტერესზე, საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს და ქვეყანა ომში ჩაითრიოს, შემიძლია ერთი კონკრეტული შეხვედრის შესახებ მოგიყვეთ. ამ შეხვედრას პირადად მეც ვესწრებოდი ჩემს წინამორბედთან ერთად. ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი პირი, რომელმაც პირდაპირ და კატეგორიულად მოითხოვა, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანი "გლობალური ომის პარტიის" წარმომადგენელი იყო და ამაში დარწმუნებული ვართ. ამასთან, ამ პირს ძალიან მაღალი ოფიციალური სტატუსი ჰქონდა. ის ოფიციალურ ორგანოებთან და სტრუქტურებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ომში ჩათრევას არც ევროკავშირი ცდილობდა და არც ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის მისი წინა ადმინისტრაცია. ეს იყო კონკრეტული ძალების მცდელობა, რომლებსაც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე როგორც ევროკავშირში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია იყენებს ტერმინს "დიფ სთეითი". ჩვენ გარკვეულწილად მსგავს მოვლენას ვგულისხმობთ, თუმცა ეს ცნებები სრულად იდენტური არ არის.

ამასთან, არასოდეს ვაკონკრეტებთ, კონკრეტულად ვის ვგულისხმობთ ამ ტერმინის ქვეშ. ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით ვაკეთებთ, რადგან ამ ადამიანებზე ღიად საუბარი საკმაოდ სახიფათოა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ისინი სხვადასხვა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე, გავლენის მოსახდენად ოფიციალურ ბერკეტებს იყენებენ, მათ შორის ევროპულ ინსტრუმენტებს. ანალოგიური ვითარება იყო ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის დროსაც, როდესაც ამერიკული ინსტრუმენტები გამოიყენებოდა. ამგვარ პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მძიმე, უარყოფითი გამოცდილება გვაქვს", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები