11 ნოემბერი 2026,   23:52
ვრცლად
პრემიერი: თუ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკის ნაწილია და ფაქტობრივად, ისინი მუდმივად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ ისინი სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის ინსტრუმენტს წარმოადგენენ

თუ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკის ნაწილია და ფაქტობრივად, ისინი მუდმივად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ ისინი სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის ინსტრუმენტს წარმოადგენენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებმა იუსტიციის სამინისტროს ყოველწლიური ფინანსური ანგარიშები წარუდგინონ და ეს ინფორმაცია გაასაჯაროონ. 

"როდესაც 2022 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ჩვენ, რეალურად, არასამთავრობო ორგანიზაციებად არ მივიჩნევთ, რადგან ჩვენი შეფასებით, ისინი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არიან, გარკვეული პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს.  თქვენთვის ცნობილია ტერმინი GONGO, რომელიც მთავრობის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას აღნიშნავს. როდესაც ორგანიზაციას ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებს, მას GONGO-ს უწოდებენ. მაგრამ როდესაც იმავე ტიპის ორგანიზაციას უცხო ქვეყნის მთავრობა აფინანსებს, მას არასამთავრობო ორგანიზაციად მოიხსენიებენ. ჩვენი შეფასებით, ესენი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არიან. ჩვენთვის პრინციპული განსხვავება არ არსებობს ადგილობრივი მთავრობის მიერ დაფინანსებულ და უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს შორის.

2022 წლის ივნისში საქართველოში მოქმედმა ყველაზე გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ამერიკული და ევროპული წყაროებიდან ფინანსდებოდნენ, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. მათ ხელისუფლების მიმართ პირდაპირ პოლიტიკური მოთხოვნა წამოაყენეს - მთავრობის გადადგომა და ახალი მთავრობის ფორმირება. მათი მოთხოვნის თანახმად, ახალი მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შესაძლოა, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად უნდა დაკომპლექტებულიყო. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს მინისტრების შერჩევაში გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონოდათ. წარმოიდგინეთ, არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ ჩაერთნენ პოლიტიკურ პროცესებში. ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკას შორის ზღვარი უბრალოდ კი არ წაიშალა, არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ იქცნენ პოლიტიკური პროცესის მონაწილეებად. საბოლოოდ, ჩვენ ვაცხადებთ, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკის ნაწილია და ფაქტობრივად, ისინი მუდმივად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ ისინი სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის ინსტრუმენტს წარმოადგენენ.

კანონი დაჩქარებული წესით არ მიღებულა, იგი მიღებული იქნა ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურის შესაბამისად. ჩვენ გვაქვს სპეციალური, დაჩქარებული პროცედურებიც, თუმცა ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო სტანდარტული პროცედურა, ყოველგვარი განსაკუთრებული მექანიზმის გარეშე. გარდა ამისა, კანონპროექტი ვენეციის კომისიასაც გაეგზავნა, თუმცა, საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან ვითხოვთ, არის სიღრმისეული განხილვა და დისკუსია საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ თითოეულ კანონთან და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებმა იუსტიციის სამინისტროს ყოველწლიური ფინანსური ანგარიშები წარუდგინონ და ეს ინფორმაცია საჯარო გახადონ. ეს არის ძალიან მარტივი რეგულაცია, რომელიც ორგანიზაციების გამჭვირვალობას ეხება. ჩვენ კი ვიცით, რომ გამჭვირვალობა ერთ-ერთი ფუნდამენტური ევროპული ღირებულებაა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობის კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული ფინანსური ჯარიმები.

"როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ვსაუბრობთ, იქ არანაირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს. გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული ფინანსური ჯარიმები და ისიც საკმაოდ მსუბუქი. თუ FARA-ს შესახებ კანონზე ვსაუბრობთ, ეს უკვე სხვა საკითხია. ჩვენ კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარვუდგინეთ და მან უარყოფითად შეაფასა კანონი, რომელიც მხოლოდ იუსტიციის სამინისტროსთვის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენას ითვალისწინებდა. ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვალდებულება არ შეიძლება არაევროპულ მიდგომად ჩაითვალოს. უფრო ფართო გაგებითაც, ეს არ შეიძლება უკანონო იყოს. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ე.წ. FARA-ს კანონი, რომელიც ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი ასლია. ამის მიზეზი იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხადება, რომლის თანახმადაც, გამჭვირვალობის შესახებ კანონი FARA-ს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.  ეს განცხადება სრულიად მცდარი იყო. აშშ-ის ყოფილი ელჩი ამტკიცებდა, რომ FARA-ს კანონი უფრო რბილი იყო, ნაკლებად მკაცრ მოთხოვნებს ითვალისწინებდა და მასში სისხლისსამართლებრივი სანქციები არ არსებობდა, მაშინ როდესაც, მისი მტკიცებით, ასეთი სანქციები გამჭვირვალობის შესახებ კანონში იყო გათვალისწინებული. ეს იყო სიცრუე. წარმოიდგინეთ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს მოსახლეობას ატყუებდა. მსგავსი ვითარება იყო ევროპელი წარმომადგენლების შემთხვევაშიც.

ჩვენ ყველას დისკუსიისკენ მოვუწოდებდით. მე პირადად აქციების მონაწილეებს ვთავაზობდი, მოსულიყვნენ მთავრობის ადმინისტრაციაში და მათ მიერ შერჩეულ ათ წარმომადგენელთან დიალოგისთვის მზად ვიყავი.  კანონი მხოლოდ იუსტიციის სამინისტროსთვის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენას ითვალისწინებს, ხოლო მისი დარღვევისთვის დაწესებულია მხოლოდ ფინანსური ჯარიმა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიღებულ იქნა ე.წ. FARA-ს კანონი, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი ასლია.

"ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ე.წ. FARA-ს კანონი, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი ასლია. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნაბიჯი იყო. პირადად მე, როგორც იურისტს, როდესაც პარლამენტმა FARA-ს შესაბამისი კანონმდებლობა მიიღო, მიმაჩნდა, რომ იგი ევროპულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში არ იყო. თუმცა, ვინაიდან აშშ-ის ელჩმა გადაწყვიტა საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ FARA კარგი კანონი იყო, ხოლო გამჭვირვალობის შესახებ კანონი ცუდი, ჩვენ გადავწყვიტეთ ამერიკული კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა. ჩვენ უბრალოდ ვთარგმნეთ ამერიკული კანონი ქართულად და მივიღეთ იგი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს კანონმდებლობა საკუთარი ინტერესების დასაცავად მიიღო.

თუმცა, ამის შემდეგ აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ამერიკული კანონის ეს ზუსტი თარგმანიც კი რუსული კანონი იყო. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდ სიცრუეს ეუბნებოდნენ საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მოქალაქეებს ეს კარგად ესმით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომელიც თქვენ არაერთხელ ახსენეთ - საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს აღემატება. ამავდროულად, ევროპელი ბიუროკრატები მუდმივად გვესხმიან თავს, თუმცა ჩვენ არჩევნებზე კვლავ და კვლავ ხმების 50 პროცენტზე მეტს ვიღებთ. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ევროკავშირი, როგორც ასეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს, მათ კარგად შეუძლიათ გაარჩიონ, როდის ამბობენ ევროპელი ბიუროკრატები სიმართლეს და როდის - სიცრუეს", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები