13 ნოემბერი 2026,   22:24
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძე: ხალხის განწყობებით, წუხილებით და პოლიტიკური თემებით მანიპულირება პირდაპირ საეკლესიო ამბიონიდან ხდება - ვიდრე იობის სიტყვებს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად მიიღებდეთ, გადაამოწმეთ

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამბიონიდან გაკეთებული განცხადებები სცდება ტრადიციული საეკლესიო ქადაგების ფარგლებს და მკაფიოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

"ნამდვილად არ მეგონა, თუ მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ასე ბრწყინვალედ ფლობდა მანიპულირების ხელოვნებას. თან იმდენად უნიკალურია მის მიერ გამოყენებული მანიპულირების მეთოდი, რომ საავტორო უფლებაც კი შეუძლია გაიფორმოს.

უნიკალურობა კი იმაშია, რომ ხალხის განწყობებით, წუხილებით, და პოლიტიკური თემებით მანიპულირება პირდაპირ საეკლესიო ამბიონიდან ხდება. ეს კი, ალბათ დამეთანხმებით, თვისობრივად ახალ და ძლიერ დატვირთვას ანიჭებს მანიპულირების პროცესს.

აქ შევწყვეტ ზოგად მსჯელობას და ფაქტებზე გადავალ. ჯერ მოდით ის ვიკითხოთ, იობის ქადაგების წაკითხვის შემდეგ, რამდენმა ჩვენგანმა მიმართა სანდო წყაროებს რომ გაერკვია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს იობის მიერ შეუვალი ტონით და მტკიცებით ფორმით დასახელებული "ფაქტები." ვფიქრობ, რომ არავინ, ან ძალიან ცოტამ.

მანიპულირების ერთ-ერთი ნაცადი მეთოდია ყოველი ინფორმაციის შემდეგ "მრავალმნიშვნელოვანი გაურკვევლობის" დატოვება, როდესაც მანიპულატორი თემას იწყებს მწვავე ემოციურ კონტექსტში, მერე შეგნებულად მას არ ასრულებს და ხალხს უტოვებს ინტერპრეტაციების სივრცეს. სწორედ ასეთი "მრავალმნიშვნელოვანი გაურკვევლობით" არის გადავსებული იობის "პოლიტიკური ქადაგება."

ამთავითვე ვიტყვი, რომ ქადაგებაში დაყენებულია პრობლემები მაგ. ლუდომანია, რომლის მასშტაბებიც ნამდვილად წარმოადგენს პრობლემას და საფრთხესაც. ამიტომაც, როდესაც ქვეყანაში აზარტული თამაშების წამახალისებელ რაიმე ღონისძიებას ვგეგმავთ, მაგ საერთაშორისო ტურნირებს, საზოგადოებას უფრო მკაფიოდ უნდა აეხსნას გადასწონის თუ არა აქედან მიღებული ფინანსურ-ეკონომიკური სარგებელი იმ სერიოზულ რისკებს რაც ამ ინიციატივას ახლავს.

თუმცა იობი (აქიაშვილის) ქადაგებაში ნახსენები წმინდა პოლიტიკური საკითხები იმსახურებს კრიტიკული თვალით შეხედვას. მაგალითად, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე კნინობით ტონში საუბარი, რომ თურმე "მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება..."

აი აქ ჩნდება პირველი "მრავალმნიშვნელოვანი გაურკვევლობა." იობი არ ამბობს რა იყიდება და როგორ იყიდება, არ ამბობს იმას თუ მშვიდობის ალტერნატივა რა არის. სამაგიეროდ, შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას.

იობი მანიპულაციურად ცდილობს განხეთქილების შეტანას მართლმადიდებელ ეკლესიაში, სინოდში მრევლში, როდესაც ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე აცხადებს, რომ "ძალიან ბევრი ღირსეული მღვდელმთავარი განდევნილ იქნა ეკლესიიდან სწორედ ამ მთავრობასთან ახლო მყოფი მღვდელმთავრების ხელშეწყობით." აქაც ძალიან მკაფიოდ იკითხება რიგით მეორე "მრავალმნიშვნელოვანი გაურკვევლობა," რომელსაც აშკარად პროვოკაციული ელფერი დაჰკრავს და ჩემი აზრით, მარტივად იკითხება მიტროპოლიტ იობის წყენა, რომ ის პატრიარქად არ აირჩიეს.

იობი (აქიაშვილი) საქართველოში მშენებლობების ბუმის დაკნინებას ცდილობს, იმ მოტივით, რომ თურმე ახალ სახლებში ძირითადად უცხოტომელები სახლდებიან. მოვიძიე ინფორმაცია და Colliers Georgia-სა და Galt & Taggart-ის ბოლო, 2026 წლის დაზუსტებული მონაცემებით, თბილისში სამშენებლო ბუმით ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა და დაბრუნებული ემიგრანტები სარგებლობენ (86% – 90%) უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 10% – 14% მოდის. ზღვისპირა რეგიონში, სადაც მშენებლობების ტემპსა და გაყიდვებს უცხოური კაპიტალი განსაზღვრავს, რადგან ბინების დიდი ნაწილი საინვესტიციო აპარტამენტების სახით იყიდება, უცხო ქვეყნის (47% – 52%) და საქართველოს მოქალაქეების (48% – 53%) წილი თითქმის თანაბარია. ამიტომაც გირჩევთ, ვიდრე იობის სიტყვებს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად მიიღებდეთ, გადაამოწმეთ ისინი!!!

თავში ვსაუბრობდი მანიპულაციის სრულიად ახალ და უნიკალურ მეთოდზე, რაც მიტროპოლიტმა იობმა შემოიტანა - სასულიერო პირის სტატუსით ღმერთზე აპელირება, როდესაც წერს, რომ მასში (იობში) "მკვიდრობს სულიწმიდის მადლი" რაც მას აძლევს განსაკუთრებულ, სხვებისგან განსხვავებულ და აღმატებულ უფლებას მიუთითოს მთავრობას შეცდომებზე. ამის შემდეგ იობი "საინფორმაციო ტყვიებიდან" გადადის "საინფორმაციო ბომბებზე" და მანიპულაცია ახალ დონზე აჰყავს. ის აცხადებს, რომ მოქმედი "მთავრობა ურწმუნოა,“ რაც ნიშნავს, რომ მთავრობა ღმერთს განუდგა, და სავსებით გასაგებია, რომ ეს გათვლილია გულუბრყვილო მორწმუნე მრევლზე.

თავის ქადაგებაში, რომელსაც რელიგიური "პიარი" შეიძლება ვუწოდოთ, იობი მანიპულირების "ახალ სიმაღლეს იპყრობს" და აცხადებს, რომ "მთავრობამ საკუთარი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და "უკეთესი ხელისუფლების არჩევაა საჭირო."

ზოგადად ხელისუფლების მიერ საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კრიტიკულ დონეზე კარგავს მოსახლეობის ნდობას, ვეღარ მართავს ქვეყანაში სიტუაციას, მოშლილია ინსტიტუტები და ა.შ. და ა.შ. დამეთანხმებით, რომ არცერთი ეს ნიშანი სახეზე არ გვაქვს. ამაზე მიუთითებენ სხვათა შორის ჩვენს ქვეყანაზე საერთაშორისო კვლევებიც და რეიტინგებიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან უბრალოდ ცრუობს.

მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგანაც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისედაც მზესავით ნათელია. უახლოეს პერიოდში შევიტყობთ რა და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

P.S. ერთადერთი რაშიც მე დავეთანხმებოდი იობი (აქიაშვილის) მოთხოვნას, რომ საპატრიარქომ უფრო მეტად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახადოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ხარჯვა, რომ ბოლო მოუღოს სპეკულაციებს ამ თემით. თუმცა, ჩემი დაკვირვებით (და არა მტკიცებით) მრევლში ამის განსაკუთრებით მწვავე მოთხოვნა არ შეიმჩნევა, რადგანაც ეკლესიის მიმართ არსებობს ყველა გამოკითხვებით დადასტურებული მაღალი ნდობა. ხოლო მორწმუნეთა უმრავლესობისთვის ეკლესიის როლი უპირველეს ყოვლისა, სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უკავშირდება და არა ფინანსურ საკითხებს," - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

დღის ამბები