16 ნოემბერი 2026,   16:59
ვრცლად
დავით უტიაშვილი: სავალუტო რეზერვების რეკორდულმა მოცულობამ მათი დივერსიფიკაციის შესაძლებლობა მოგვცა

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელზეა. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განცხადებით, ქვეყანას შესაძლებლობა მიეცა, რეზერვების მოცულობა გაეზარდა და მის დივერსიფიკაციაზეც ეზრუნა.

მისი განმარტებით, რეზერვების ზრდა ძლიერი საგარეო შემოდინებებისა და ეკონომიკური ზრდის ფონზე გახდა შესაძლებელი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რეზერვების დაგროვება ლარის კურსის გამყარების პარალელურად განხორციელდა.

"საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური მოცულობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ის ზრდის ქვეყნის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ისე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის. რეზერვების გაზრდილმა მოცულობამ მათი დივერსიფიკაციის შესაძლებლობაც შექმნა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოქროს წილის ზრდაა. მსოფლიოს არაერთი ცენტრალური ბანკი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ოქროს. ეს აქტივი, განსაკუთრებით გლობალური ინფლაციის პირობებში, ღირებულების შენარჩუნებისა და რისკებისგან დაცვის ერთ-ერთ საშუალებად განიხილება", - აღნიშნა მან.

დავით უტიაშვილმა, ხაზი გაუსვა, რომ წარსულში საერთაშორისო რეზერვების არასაკმარისი მოცულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სარეიტინგო სააგენტოებიც მიუთითებდნენ.

მისივე თქმით, რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია და მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სებ-ი შეეცდება პროცესი გაცვლით კურსზე გავლენის გარეშე წარმართოს - "საქართველოს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი აქვს და ეროვნული ბანკი ცდილობს, ბაზრის ტენდენციებში არ ჩაერიოს", - აღნიშნა უტიაშვილმა.

2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.

დღის ამბები