"ლელოს" წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ალეკო ელისაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მას ტერორისტული აქტის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სიორიძის თქმით, ისინი ელისაშვილის საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან, რაც პოლიტიკურ პატიმრად შეფასების კრიტერიუმია.
გიორგი სიორიძემ ელისაშვილის ქმედებაზეც ისაუბრა და მას ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება უწოდა.
"უდანაშაულობის პრეზუმფციის მიზანი რა არის? ადამიანის, პირის რეპუტაციის დაცვა ხომ? ერთი, ის ზის ციხეში, მეორე, მას აქვს კვალიფიკაცია ტერორისტის და ამასთან დაკავშირებით ვამბობთ, რომ ეს კვალიფიკაცია საერთოდ შეუსაბამოა იმ ქმედებასთან, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო. კვალიფიკაციის არ დათანხმება არის სწორედ კრიტერიუმი პოლიტიკურ პატიმრად შეფასების. ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედებაა, რომელსაც არ ვიცი რა მოტივი ამოძრავეს, როდესაც ასეთ აქტზე შეიძლება თეორიულად წავიდეს", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გრძელდება.