EPP-ის და "ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა" დეპუტატები ევროკომისიას რეკომენდაციით მიმართავენ, აკრძალოს სახსრების ლობირებისთვის მიმართვა, გახადოს გრანტები გამჭვირვალე და დაიწყოს მონიტორინგი. ავტორთა თქმით, ეს ინტერესთა კონფლიქტის რისკს ქმნის. პროექტის განხილვა კომიტეტებში იწყება.
ევროპარლამენტარი, ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა წევრი, კარლო ფიდანცა აცხადებს, რომ ერთწლიანი მოკვლევისა და მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვეს. მისი თქმით, შესწავლილი 120-ზე მეტი ხელშეკრულებიდან აღმოჩნდა, რომ ნახევარზე მეტ შემთხვევაში პროცედურული ხარვეზები იკვეთებოდა.
"მრავალი თვის მუშაობისა და ერთწლიანი მოკვლევის შედეგად მნიშვნელოვანი შედეგი მივიღეთ, მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომ ეს პრაქტიკა მრავალ ხელშეკრულებასთან მიმართებით გამოიყენებოდა. შევისწავლეთ 120-ზე მეტი ხელშეკრულება, აღმოჩნდა, რომ ნახევარზე მეტ შემთხვევაში პროცედურული ხარვეზები იკვეთებოდა. სახსრები გამოიყოფოდა ევროპარლამენტარებისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების მიმართ ადვოკატირებისა და ლობირების საქმიანობის დასაფინანსებლად. ეს ხდებოდა გამჭვირვალობისა და სათანადო კონტროლის გარეშე.
არ მოწმდებოდა იმ პირთა ინტერესთა კონფლიქტიც, რომლებიც პროექტების დაფინანსების საკითხს აფასებდნენ. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ჩვენი მუშაობის შედეგად მომზადდა 23 რეკომენდაცია. მათი მიზანია, სრულყოფილად გადამოწმდეს უახლოეს წარსულში მომხდარი ფაქტები, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და დადასტურებული დარღვევების შემთხვევაში მათ მიმართ შესაბამისი წესებით გათვალისწინებული ზომები გატარდეს, ასევე უნდა მოხდეს არამართლზომიერად დახარჯული თანხების დაბრუნება", - აცხადებს კარლო ფიდანცა.