ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ფილიპინებში გაიმართა. ირინე წაქაძემ საქართველოში ინკლუზიური განათლებისა და მხარდაჭერის სისტემაზე ისაუბრა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ 2028 წლისთვის საქართველო შეიმუშავებს სპეციალურ გარდამავალი ეტაპის მოდელს, რომელსაც თან ახლავს გაზრდილი დაფინანსება და უფრო კვალიფიციური მასწავლებლების ჩართულობა.
"საქართველოსთვის უსაფრთხო სკოლა, უპირველეს ყოვლისა, ინკლუზიურ სკოლას ნიშნავს. ბავშვი, რომელიც გრძნობს მხარდაჭერასა და ჩართულობას, უკეთ არის დაცული ძალადობისგან, ბულინგისა და გარიყვისგან.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საგანმანათლებლო საფეხურებს შორის გადასვლის პროცესში მხარდაჭერის უწყვეტობის უზრუნველყოფა - სკოლამდელი განათლებიდან ზოგად განათლებაზე გადასვლისას, ხოლო შემდგომ - პროფესიულ ან უმაღლეს განათლებაზე გადასვლისას. 2028 წლისთვის საქართველო შეიმუშავებს სპეციალურ გარდამავალი ეტაპის მოდელს, რომელსაც თან ახლავს გაზრდილი დაფინანსება და უფრო კვალიფიციური მასწავლებლების ჩართულობა", - განაცხადა ირინე წაქაძემ.
მინისტერიალზე სიტყვით წარდგნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, გაეროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.