19 ნოემბერი 2026,   12:58
ვრცლად
ტრამპი: პრეზიდენტ სი ძინპინთან განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ზოგიერთს ამის მოსმენა არ სიამოვნებს, მაგრამ მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ

მსოფლიოს სამი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ერთ მაგიდასთან - ჩინეთში ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის ისტორიული შეხვედრა დღეს გაიმართება. უპრეცედენტო ფორმატის მოლაპარაკებები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში ქალაქ შენჟენში იმართება.

უკრაინის ომი, ირანის ბირთვული პროგრამა, გლობალური უსაფრთხოება, შეიარაღების კონტროლი და სავაჭრო ურთიერთობები - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებსაც მხარეები განიხილავენ. სამმხრივ შეხვედრას წინ უძღოდა ტრამპის მოლაპარაკებები ჯერ ვლადიმირ პუტინთან, შემდეგ კი სი ძინპინთან.

რუსული მხარის ინფორმაციით, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულება იყო. ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას კი ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს უკრაინაში ომის დასრულების საერთო ინტერესი აქვთ.

რაც შეეხება დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ორმხრივ შეხვედრას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასსა და პრეზიდენტ სი ძინპინს ერთმანეთთან განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

"ჩვენი ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდება და ეს მართლაც საოცარია. პრეზიდენტ სი ძინპინთან განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ეს ნამდვილად ასეა. ზოგიერთს ამის მოსმენა არ სიამოვნებს, მაგრამ მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. რეგიონული საკითხებიდან დაწყებული, მსოფლიო მშვიდობით დამთავრებული, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს წამყვანი როლი აქვთ. სხვა ქვეყნებს არ შეუძლიათ იმის გაკეთება, რაც ჩვენ შეგვიძლია. შეერთებული შტატები ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა. ჩინეთი კი ძლიერი იყო და, ჩემი აზრით, ასეთად დარჩება. დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ. ორივე ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას. გვინდა, ეს ომი დასრულდეს. ვფიქრობ, ორივეს სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიზნის მიღწევა ძალიან გვინდა. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ყოფნა. თქვენ ჩემი მეგობარი ხართ და ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, სანამ მე და თქვენ ვიქნებით სათავეში, პრობლემები არასდროს გვექნება," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები