20 ნოემბერი 2026,   12:43
ვრცლად
მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს, ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა - ირაკლი კობახიძე

"ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა" - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფონიჭალაში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული პირების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. კობახიძემ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ინგოროყვას კლინიკაში დაშავებული ბავშვები მოინახულა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში.

"მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მათზე ზრუნავენ ექიმები, ექიმებს მადლობას გადავუხდი. ასევე, ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა. კიდევ ერთხელ, გამოვთქვამ სამძიმარს.

გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო-საძიებო სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობას გადავუხდი, მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე მერიის სამსახურებს, მაქსიმუმი გააკეთეს მათ და მადლობა ამისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

 

დღის ამბები