24 ნოემბერი 2026,   14:08
ვრცლად
ზურაბ რურუა: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარუმატებლობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების, დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების საგნად
"სამწუხაროა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებელი გამოსვლაც კი ოპოზიციისთვის მორიგი პოლიტიკური სპეკულაციისა და ხელისუფლებაზე თავდასხმის საბაბი გახდა", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზურაბ რურუამ.

მისი თქმით, რთულ პერიოდში ჩვენს  ფეხბურთელებთან გვერდით დგომის ნაცვლად, სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები სხვადასხვა აქტივისტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ცდილობენ სპორტული შედეგი პირდაპირ ქვეყნის ხელისუფლებას დაუკავშირონ.

„მინდა მათ ვკითხო - რა კავშირი აქვს ფეხბურთის მოედანზე ნაჩვენებ შედეგს ქვეყნის ხელისუფლებასთან? როდიდან გახდა ეროვნული ნაკრების თითოეული მარცხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? ეს არის სრულიად მიუღებელი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისა და სპორტსმენების მიმართ.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ ადამიანებისთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელობა აღარ აქვს რა მდგომარეობაში არიან ჩვენი ფეხბურთელები, რას განიცდიან ისინი მარცხის შემდეგ და რამდენ შრომას დებენ ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად. მათთვის მთავარია ნებისმიერი წარუმატებლობა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ. როდესაც ეროვნული ნაკრების მარცხს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ, ამით, პირველ რიგში, საკუთარ დამოკიდებულებას აჩვენებენ ქვეყნისა და მისი სპორტსმენების მიმართ“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. 

ზურაბ რურუას განცხადებით, მაშინ როდესაც ეროვნული ნაკრების ისტორიულმა წარმატებებმა ქართველ ხალხს დიდი სიხარული მოუტანა, მთელი საქართველო ჩვენი ფეხბურთელების გვერდით იდგა.  დღეს კი, როდესაც ნაკრებს რთული პერიოდი უდგას, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს ეს მდგომარეობა დაპირისპირებისა და საზოგადოების გახლეჩის კიდევ ერთ მიზეზად აქციოს.

"არავინ ამბობს, რომ ნაკრების თამაში არ უნდა შეფასდეს ან შეცდომებზე არ უნდა ვისაუბროთ. პირიქით, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ კრიტიკასა და პოლიტიკური მიზნებისთვის საკუთარი ნაკრების წარუმატებლობის გამოყენებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. სპორტი არის სფერო, რომელმაც არაერთხელ გააერთიანა ჩვენი საზოგადოება და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სამწუხაროა მისი პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად ქცევა", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები არც ხელისუფლების საკუთრებაა და არც ოპოზიციის. ის ეკუთვნის ქართველ ხალხს და ჩვენი ფეხბურთელები იმსახურებენ მხარდაჭერას როგორც გამარჯვების, ისე დამარცხების დროს. 

"მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების, დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების  საგნად. როდესაც საკუთარი ქვეყნის სპორტსმენების მარცხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ, ამით არც ქართულ ფეხბურთს ემსახურებით და არც ქვეყნის ინტერესებს. ნამდვილი პატრიოტიზმი მხოლოდ გამარჯვების დროს სიხარული არ არის. ნამდვილი პატრიოტიზმი სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც შენს ქვეყანას და მის სპორტსმენებს ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. ჩვენ კი, ყოველთვის ვიდგებით ქართველი სპორტსმენების გვერდით, როგორც გამარჯვების, ისე დამარცხების დროს", - განაცხადა  ზურაბ რურუამ.
დღის ამბები