24 ნოემბერი 2026,   13:14
ვრცლად
მაია ბითაძე: ზუგდიდის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს, სრულდება; ქალაქს ექნება სრულად მოდერნიზებული თეატრი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დირექტორს, გიორგი კაშიას შეხვდა და თეატრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრი თეატრის შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებულ აქტივობებს და სამომავლო გეგმებსაც გაეცნო.

თეატრის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოწვევა ინფრასტრუქტურაა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. ახალი ინფრასტრუქტურა შექმნის თანამედროვე, სრულფასოვან სამუშაო და შემოქმედებით გარემოს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თეატრის შემდგომ განვითარებასა და მისი შესაძლებლობების გაზრდას.

„საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს დიდი ისტორიისა და კულტურული ტრადიციების მქონე თეატრები. თითოეული მათგანი ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა. სასიხარულოა, რომ ზუგდიდის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს, პრაქტიკულად სრულდება. ქალაქს ექნება სრულად მოდერნიზებული თეატრი.

მნიშვნელოვანია თეატრებში აქტიური შემოქმედებითი პროცესის გაძლიერება, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა, ახალი სპექტაკლების შექმნის ხელშეწყობა, კვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადება და მოზიდვა. აუცილებელია, ისტორიული თეატრების არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მათი, როგორც ცოცხალი კულტურული სივრცეების, განვითარება და გაძლიერება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ისტორია 1868 წლიდან იწყება და უკვე მრავალი ათწლეულია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გუგუჩია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დღის ამბები