"პოლიტიკური უტიფრობა და პოლიტიკური სადიზმის კლასიკური გამოვლინებაა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოზე სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ამბობენ, რომ წამებას ადგილი არ ჰქონია" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.
არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ სასამართლოს დარბაზში წამებით მოკლული პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის საქმის შესახებ დასმულ შეკითხვას.
"ეს არის პოლიტიკური უტიფრობა და პოლიტიკური სადიზმის კლასიკური გამოვლინება, როცა საკონსტიტუციო სასამართლოზე სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ამბობენ, რომ წამებას ადგილი არ ჰქონია. არ ვიცი, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, რომ საკუთარი თავის გადარჩენას სცადოს. ისინი, როდესაც ამ წამებას არ ემიჯნებიან და პირიქით ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა, კიდევ უფრო მეტად ადასტურებენ, რამდენად რელევანტური და დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი, რომ ამ პარტიების საქმიანობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით წამების საქმეზე ასეთი მავნებლური განცხადებების გაკეთების დროს," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს აინტერესებდა, იცნობს თუ არა მოსარჩელე მხარე გვამის ექსჰუმაციის ექსპერტიზის შედეგებს. მმართველი გუნდის წევრებმა წითლიძეს წამებით მოკლული პოლკოვნიკის ფოტო აჩვენეს და კითხვითვე უპასუხეს, იყო თუ არა ნაწამები სერგო თეთრაძე.