თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა.
გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. პროცესს დაესწრო დაზარალებულის ადგილმონაცვლე, ეკა კუპატაძე.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმნაძის ოჯახი და მათი ახლობლები პროვოკაციასა და მანიპულაციას სასამართლოს სხდომებზეც არ წყვეტენ.
"ნია იმნაძის ოჯახის ახლობლები სრულ პროვოკაციას ახდენენ, მანიპულატორები არიან... უკვე აღარ მიკვირს, რატომ იყო ნია იმნაძე ასეთი ძლიერი მანიპულატორი. იმნაძეს თავს დავანებებ და ვიტყვი იმას, რომ ნია იმნაძის ოჯახი ახდენს პირადად ჩემზე მანიპულაციას და იწვევენ პროვოკაციას", - აცხადებს ეკა კუპატაძე.