07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
საქართველოში ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების მოლოდინი აქვთ

ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ. ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა ბოლო ინფორმაცია შედეგების შესახებ. სწორედ აქ გაკეთდა პირველი კომენტარები.

ნაციონალური მოძრაობის წევრების აზრით, საქართველოს ამოცანაა, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში იმუშაოს კონტაქტების დამყარებაზე.

„გამოწვევაა, მისი განცხადებები, აქამდე არსებული დამოკიდებულება პუტინის მიმართ, ევროპული უსაფრთხოების მიმართ, კითხვის ნიშნებს ბადებდა, ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მაქსიმალური კონტაქტები დაამყაროს ტრამპის ადმინისტრაციასთან,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს მთავრობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩება სტრატეგიულ პარტნიორად.

„დარწმუნებულ ვარ, რომ შეერთებული შტატები დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად  და  ასევე როგორც მსოფლიოში, ისე დედამიწის იმ კუთხეში, სადაც საქართველო მდებარეობს, დემოკრატიის და უსაფრთხოების გარანტი დარჩება,“- განაცხადა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

პოლიტიკოსებთან ერთად აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს ქართველი ექსპერტებიც აკვირდებოდნენ და შეფასებები გააკეთეს.

„ამერიკა არის ჩვენი უახლოესი მოკავშირე, რაც კარგია ამერიკისთვის, საქართველოსთვისაც კარგი იქნება, ძლიერი ლიდერი ამერიკის ჩვენს ქვეყანასაც ძალიან გამოადგება. შეიძლება ტრამპი ჩამოვიდეს და დაამთავროს, ახალი კოშკი ააშენოს ბათუმში,“- განაცხადა პროფესორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორმა, ვასილ კაჭარავამ.

ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომლის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქტიური მუშაობა მართებს ამერიკის ხელისუფლებასთან, მნიშვნელოვანია კავშირების დამყარება. 

ავტორი: ნათია გოგსაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები