07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
დონალდ ტრამპი - ამერიკის 45-ე პრეზიდენტი

მსოფლიო ახალ რეალობას ეგუება. ამერიკის მოსახლეობამ ქვეყანა გამოცდილ ბიზნესმენს, მაგრამ ახალბედა პოლიტიკოსს ჩააბარა. ბევრისთვის მოულოდნელად დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა.

ჯერ კიდევ გუშინ ტრამპს თუ მხოლოდ შეცდომებს ახსენებდნენ, დღეს უკვე იმ ძლიერ მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას, რამაც მილიარდერ ბიზნესმენს თეთრი სახლის კარი გაუღო.

პოლიტოლოგები თვლიან, რომ ამერიკამ გამოცდილ პოლიტიკოსს ექსტრაორდინალური ბიზნესმენი ამჯობინა და ტრამპის პირდაპირი, ხისტი და ხშირად სკანდალური გზავნილები უფრო მისაღები აღმოჩნდა მოსახლოებისთვის, ვიდრე ყოფილი პირველი ლედის და ყოფილი სახელმწიფო მდივნის გაწონასწორებული წინასაარჩევნო კამპანია.

2000 - 2008 წლების შემდეგ ტრამპი პირველი რესპუბლიკელია, რომელმაც დემოკრატების კანდიდატს არჩევნებში მოუგო. მანამდე დამაჯერებელი სხვაობით 2 საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამამ გაიმარჯვა. 

დღეს უკვე ცნობილია, რომ საარჩევნო კოლეგიის 538 წევრიდან, უმრავლესობამ მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. ტრამპმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობაზე (270) 9 ხმით მეტი მიიღო, ანუ ჯამში 279 ხმა, მაშინ როცა ჰილარი კლინტონმა 218 ხმა დააგროვა. 

დონალდ ტრამპმა იმ შტატებშიც დაამარცხა დემოკრატების კანდიდატი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობა მხარს სწორედ დემოკრატებს აძლევდა. 

არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის რიტორიკა რადიკალურად შეიცვალა და ამერიკელებმა დღეს უკვე პოლიტიკოსი ტრამპის სიტყვა მოისმინეს.

დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებთან ერთად გამარჯვება ნიუ იორკში იზეიმა, სადაც მოსახლეობამ პრეზიდენტად ჰილარი კლინტონი აირჩია. ამავე ქალაქში გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებოდნენ დემოკრატებიც, თუმცა შედეგების დაფიქსირებისთანავე მხარდაჭერებს დაშლისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ კომენტარი არ გაკეთდებოდა. 

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებს ყველა მედიასაშუალება აშუქებდა, მათ შორის იყო რუსთავი 2

ავტორი: დავით ნიკურაძე, თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები