07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
"ვაცნობიერებთ იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც ამ შედეგმა მოიტანა" - ტუსკი აშშ-ის არჩევნების შედეგებზე

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია - განცხადებები გაკეთდა ევროკავშირში. ტრამპის გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა ევროკავშირისთვის. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ამერიკასა და ევროპას ერთად მუშაობა შეუძლიათ.

„მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ამავდროულად, ვაცნობიერებთ იმ ახალ გამოწვევებს, რომლებიც ამ შედეგმა მოიტანა. ერთ-ერთი ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობის მომავლის გაურკვევლობაა. ყურადღებით მოვისმინე პრეზიდენტად არჩეული ტრამპის მოწოდება ამერიკის ერთიანობის შესახებ. მე კი ჩემის მხრივ, მინდა მოვუწოდო ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობისკენ. არ მჯერა, რომ დღეს რომელიმე ქვეყანას შეუძლია იყოს დიდებული განცალკევებულად. მაგრამ, ნამდვილად მჯერა, რომ ამერიკას და ევროპას შეუძლიათ ერთად მუშაობა. ეს ჩვენი საერთო ინტერესია,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროკავშირში აინტერესებთ, როგორი იქნება ამერიკის ახალი საგარეო პოლიტიკა, როგორი იქნება ურთიერთობები რუსეთთან და რა პოზიციას დაიკავებს დონალდ ტრამპი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

"ბრიტანეთი და შეერთებული შტატები არიან და დარჩებიან ძლიერ და მჭიდრო პარტნიორებად ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. ჩვენი ხანგრძლივი და მტკიცე განსაკუთრებული ურთიერთობა ემყარება თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს. ველი არჩეულ პრეზიდენტთან ერთობლივ მუშაობას, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ერების უსაფრთხოებისა და განვითარების შენარჩუნება მომავალში," - განაცხადა ტერეზა მეიმ.

საკუთარი პოზიცია გამოთქვეს აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტთან დაკავშირებით ევროპარლამენტის წევრებმაც. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ამერიკა არ შეიცვლის პოზიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მიმართებაში და დარჩება ევროკავშირის ერთერთ მნიშვნელოვან პარტნიორად, თუმცა დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა შესაძლოა გახდეს იმის საბაბი, რომ რუსეთმა მორიგი პროვოკაციები მოაწყოს მეზობელ ქვეყნებში.

„პირადად ჩემთვის, შოკი იყო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება. ეს ევროკავშირისთვის საქმეს ართულებს და შესაძლოა, სახიფათოც კი გახდეს. ახლა კი უნდა ვთქვა, რომ ცოტათი შეშინებული ვარ, წინ რთული წლები გველის. ევროკავშირს დაუყოვნებლივ სჭირდება გაძლიერება, რადგან ტრამპი პუტინთან უფრო ახლოსაა და ჩემი აზრით, კარგად ვერ აცნობიერებს მოვლენებს,“ - აღნიშნა რენატა სომერმა.

ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლშიც ნათქვამია, რომ ფედერიკა მოგერინიმ საქმიან სადილზე მიიწვია ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სადაც ევროკავშირისა და ამერიკის ურთიერთობებზე იმსჯელებენ.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე 

დღის ამბები