07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
შეერთებული შტატების ისტორია ახალ ფაზაში გადადის - ამერიკაში მილიარდერი ტრამპის ეპოქა იწყება

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გამარჯვების შემდეგ მიცემულ პირველივე ინტერვიუში ახსენა. უახლოესი სამოქმედო გეგმა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა დონალდ ტრამპმა უოლ სთრით ჯორნალის ჟურნალისტთან განიხილა და რუსი კოლეგისგან მიღებულ წერილს შესანიშნავი უწოდა.

ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციის კონკრეტული დრო დონალდ ტრამპს არ დაუსახელებია. საარჩევნო კამპანიის დროს კი მილიარდერმა ბიზნესმენმა რუსეთის ლიდერის მიმართ საკუთარი სიმპათია არაერთხელ გამოხატა, თუმცა არჩევნებში გამარჯვებისთანავე განმარტა, რომ შეერთებული შტატების ინტერესები მისთვის პირველ ადგილზე იქნება.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას ელიან მოსკოვშიც. ერთ-ერთი პირველი ლიდერი, რომელმაც მილიარდერ ბიზნესმენს გამარჯვება მიულოცა, სწორედ რუსეთის პირველი პირი იყო.

კრემლის სურვილებზე უფრო გახსნილად უცხოურ მედიასთან პუტინის პრეს-მდივანმა ილაპარაკა. დიმიტრი პესკოვის თქმით, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ნდობის აღდგენის მიზნით, ტრამპს შეუძლია, ნატო რუსეთის საზღვრებიდან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანაში დაარწმუნოს.

ბრექსითის შემდეგ, არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება მედიამ ლიბერალ-დემოკრატიული ევროპისთვის პოლიტიკურ მიწისძვრასაც შეადარა. ლიდერების მხრიდან კი ყველაზე სიმკაცრით ევროკომისიის პრეზიდენტი გამოირჩეოდა, რომელმაც ტრამპის მმართველობა ტრანსატლანტიკური ურთიერთობისთვის რისკის შემცველად მიიჩნია.

ინაუგურაციამდე შეერთებულ შტატებში 70 დღეზე ნაკლები რჩება. თუ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს ცერემონია ძირითადად საინტერესო სანახაობაა, დღეს ყველა თანხმდება, რომ 2017 წლის 20 იანვარი სანახაობაზე მეტი იქნება, რადგან მსოფლიო დონალდ ტრამპის მიმართვას უკვე შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის რანგში მოისმენს.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი 

დღის ამბები