07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
პირველი საკადრო გადაწყვეტილებები და ინტერვიუ პრეზიდენტის რანგში - დონალდ ტრამპის გეგმები

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ და პირველი საკადრო გადაწყვეტილებები. დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარ გეგმებზე CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ინტერვიუში ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ძირითადად შიდა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და მისი ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტად დანაშაულთან ბრძოლა დაასახელა.

ტრამპის განცხადებით, კრიმინალური წარსულის მქონე არალეგალებს ქვეყნის დატოვება ან ციხეში ჩაჯდომა მოუწევთ.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში აბორტების მოწინააღმდეგე მოსამართლეებს დანიშნავს და პირობა დადო, რომ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ მოქმედ კანონს არ შეცვლის. დონალდ ტრამპი, რომლის ქონება 3 მილიარდ 700 მილიონი დოლარია, უარს ამბობს პრეზიდენტის ხელფასზე და სიმბოლურად, მხოლოდ 1 დოლარს აიღებს.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უკვე მიიღო პირველი საკადრო გადაწყვეტილება და ორი თანაგუნდელი დაასახელა, რომლებიც თეთრ სახლში იმუშავებენ. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე რინს პრიბუსი ადმინისტრაციის უფროსი იქნება. მთავარი მრჩევლის პოსტს კი მისი კამპანიის მენეჯერი სტივენ ბენონი დაიკავებს.

ევროპის ლიდერები მოუთმენლად ელიან ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს და ამერიკა ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობის საკითხი განიხილეს.

"ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს ერთიანი პოზიცია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამყარების თვალსაზრისით. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორები არიან და ჩვენს საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება," - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დონალდ ტრამპი ოფიციალურად 20 იანვარს შეუდგება. ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ თეთრ სახლს ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად ახალ პრეზიდენტს დაუთმობს.

 ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, მალხაზ მეგრელიშვილი

დღის ამბები