07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრობაზე საბოლოო უარს აცხადებს

რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრობაზე საბოლოო უარს აცხადებს. შესაბამისი განკარგულება ვლადიმერ პუტინმა გასცა. დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი გაეროს გენერალურ მდივანს გადაუგზავნის ოფიციალურ შეტყობინებას, რომ რუსეთი არ აპირებს გახდეს რომის სტატუტის წევრი.

რუსეთმა ხელშეკრულებას ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა დოკუმენტის რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია. მოსკოვში ამ შეთანხმების გადახედვის შესახებ განცხადება 2016 წლის იანვარში გაკეთდა, როდესაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამოძიება დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ განკარგულებას წინ უძღოდა ასევე ფატუ ბენსუდას დასკვნა, რომელის თანახმადაც, მან ყირიმის ანექსია რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის შედეგად აღიარა. ვლადიმერ პუტინის განკარგულება ძალაში ხელმოწერისთანავე შედის.

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ოფიციალური პოზიციით, პუტინის განკარგულება ამ საქმის გამოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი არც იყო და ვერც გახდება, ვინაიდან საქართველო არის რომის სტატუტის მხარე და შესაბამისად, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება 2008 წლის ომის დროს საქართველოში, სავარაუდოდ, მომხდარ სტატუტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

ამას ადასტურებს ისიც, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინასასამართლო პალატის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება მოიცავს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხსაც - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

დღის ამბები