07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ტრამპის პოლიტიკა ნატო-ს მიმართ - ამერიკელ ექსპერტებს პასუხგაუცემელი კითხვები აქვთ

ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ნატო-ს პარტნიორებთან იყო დისკუსიის მთავარი თემა ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე.

დონალდ ტრამპის განმარტებას, რომ მოკავშირეების მიმართ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ერთგული დარჩება, პოლიტოლოგები არასაკმარისად მიიჩნევენ. 

ეყოლება თუ არა ნატო-ს ევროპელ მოკავშირეებს პარტნიორი შეერთებულ შტატებში, ეს იყო ერთ-ერთ მთავარი განსახილველი საკითხი ბრუკინგსის​ ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე.

“საერთოდ ჩავა კი პრეზიდენტი ტრამპი ნატო-ს შემდეგ სამიტზე, რომელიც ზაფხულშია დაგეგმილი? იქნებ გააგზავნის კაბინეტის წევრს, მინისტრის მოადგილეს ან მინისტრის თანაშემწეს? მთელი რიგი შეკითხვებია და არა მხოლოდ რეგიონი, ევროპა, ევრაზია და რუსეთი, არამედ მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით აკვირდება, რათა დაინახოს, თუ როგორ განავითარებს ურთიერთობებს ტრამპი პუტინთან. როგორ აფასებს ის ამ ტიპის ხელმძღვანელებს, რას ნიშნავს ეს ამერიკის ლიდერობისთვის, ამერიკის ღირებულებებისთვის, დასავლეთისთვის და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის? ყველაფერი, რაც მე მოვისმინე ტრამპისგან რუსეთთან დაკავშირებით, ჩემთვის ღრმად შემაშფოთებელია, რადგანაც იწვევს უამრავ ვარაუდებს. ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მუდმივად აქვთ უთანხმოება გლობალურ გამოწვევებზე. ერთი საკითხი, რაზეც არ გვქონდა დიდად უთანხმოება, ეს იყო ერთად დგომის საჭიროება იმის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი აკეთებს მსოფლიოში,”-განაცხადა სტრატეგიისა და სახელმწიფო მართვის პროგრამის დირექტორმა  ჯულიან სმიტიმ.  

რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობის ფონზე, ამერიკელ ანალიტიკოსებს შეკითხვები ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უჩნდებათ. გერმანელი პოლიტიკოსი, ჰენრიხ ბოლის ფონდის ხელმძღვანელი რალფ ფუქსი ამბობს, რომ უსაფრთხოება, რომელსაც ამერიკა ევროპაში უზრუნველყოფს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.

“აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები დამოკიდებულები არიან საკუთარი დემოკრატიული განვითარებით არა მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობაზე, არამედ უსაფრთხოების იმ ფარზე, რომელსაც შეერთებული შტატები უზრუნველყოფს. ეს არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან შექმნის ძალიან საშიშ დინამიკას,”-აცხადებს ჰენრიხ ბოლის ფონდის პრეზიდენტი  რალფ ფუქსი.

ავტორები:დავით ნიკურაძე.




დღის ამბები