რუსთავი 2-ის საქმეზე ეკა გასიტაშვილის პალატის განჩინება სამაუწყებლო კომპანიის იურისტებს ჩაბარდათ და უკვე ცნობილია არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ გადაეცა საქმე დიდ პალატას.
139 გვერდიან დასკვნაში 8 გვერდი ეთმობა იმის დასაბუთებას თუ რატომ არ მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ და რატომ მოხდა საქმის გადაგზავნა დიდ პალატაში.
რუსთავი 2-ის იურისტები ამბობენ, რომ დასკვნაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის გარემოება, რომ უზენაესმა სასამართლომ პროცესუალური ნორმების განმარტების აუცილებლობა დაადგინა, მათ შორის საუბარია აცილების ინსტიტუტზე, ვინაიდან, არცერთმა ინსტანციამ რუსთავი 2-ის მიერ დაყენებული აცილების არცერთი შუამდგომლომა არ დააკმაყოფილა და მოახდინა აცილების შესახებ ნორმის არასწორი ინტერპრეტაცია. არ არის გამორიცხული, რომ წინა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაუქმდეს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ დიდი პალატა დაადგენს, რომ რუსთავი 2-ის საქმე მოსამართლეთა არაკანონიერმა შემადგენლობამ განიხილა.
"მიგვაჩნია, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა აცილების შესახებ ნორმა მკვდარ ნორმად გამოაცხადეს. მართლმსაჯულების სისტემა ეროზიას განიცდის. უზენაეს სასამართლოს ამ საკითხის წამოწევა რამდენიმე კრიტერიუმის გამო მოუწია, 1. აღდგეს ნდობა მართლმსაჯულების სისტემისადმი, 2. თუ საქმე არაკანონიერმა შემადგენლობამ განიხილა, ეს არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ეს პირდაპირ წერია კანონში და კანონი ამ საკითხისადმი კატეგორიულია. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება რომც ყოფილიყო შინაარსობრივად სწორი, თუ საქმე არაკანონიერმა შემადგენლობამ განიხილა, ასეთი გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გაუქმდეს.
"პრაქტიკა არსებობს, თუმცა არსებობენ არაკეთილსინდისირი მოსამართლეები, რომლებიც ამბობენ, რომ იმისათვის, რომ მოსამართლე მიკერძოებულად ჩაითვალოს, მხარემ უნდა წარადგინოს უტყუარი დამამტკიცებელი საბუთები. ამგვარი განმარტება არასწორია, რადგან კანონმდებლობა ამბობს, რომ მოსამართლის ასაცილებლად საკმარისია არსებობდეს ეჭვიც მის მიკერძოებულობაში, მოსამართლე არ უნდა იყენებდეს საკუთარ უფლებამოსილებას მანკიერად. აცილების საკითხის წინა წამოწევის ფონზე, საინტერესოა როგორ იმსჯელებს სასამართლო იმ დიდი პალატის წევრების აცილებაზე, რომელზედაც ჩვენ შუამდგომლობა შევიტანეთ," - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.