რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კურიერის პირდაპირ ეთერში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ ისაუბრა. გიორგი მშვენიერაძემ მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ საქმეზე არის მაღალი პოლიტიკური ინტერესი, რომლის დაძლევა მოსამართლეებმა კანონის მიღების კონტექსტში ვერ შეძლეს და შეეცადნენ საქმე დიდი პალატისთვის გადაეცათ. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ დიდი პალატა გაიზიარებს საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებას,"- აღნიშნა მშვენიერაძემ.
გიორგი მშვენიერაძე იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მან ასევე გააკეთა კომენტარი ფედერიკა მოგერინის განცხადებაზე, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ეს გზავნილი მიგვიღია სხვა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერებისგან, მათი საელჩოებისგან, ეს გზავნილი დიპლომატიური ენიდან არადიპლომატიურ ენაზე ითარგმნება შემდეგი სახით: რუსთავი 2-ს ხელისუფლებამ თავი დაანებოს. ხელისუფლებამ რაც არ უნდა ეცადოს, ენის მოჩლექვით ამტკიცოს, რომ ის არ მონაწილეობს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებულ დავაში არავის სჯერა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ,“- განაცხადა მშვენიერაძემ.
გიორგი მშვენიერაძემ ვანო ზარდიაშვილის, რომელსაც ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოზე ზეწოლაში დასდო ბრალი, და მიხეილ ჩინჩალაძეს შორის ნათესაურ კავშირთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ზოგადად ნათესაური კავშირი შესაძლოა არაფერს ნიშნავს, მაგრამ რუსთავი 2-ის საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი გარემოება ეჭვს გააჩენს მიკერძოებასთან დაკავშირებით.