01 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
აჭარელი ფერმერები მთავრობისგან წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას ითხოვენ

აჭარელი ფერმერები ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებას ახსენებენ. გლეხები ციტრუსის ფასს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფო მათ შრომას არ აფასებს. ფერმერების თქმით, ლარის გაუფასურებისა და შხამქიმიკატების გაძვირების ფონზე, 1 კილოგრამი მანდარინი მინიმუმ 70 თეთრი უნდა ღირდეს. წელს მანდარინის კერძო კომპანიები, სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით 40-დან 60 თეთრის ფარგლებში იბარებენ.

მოსახლეობის მსგავსად, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ითხოვს ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ფერმერთა პრობლემით დაინტერესებას სთხოვს.

მოსახლეობის პოზიციას არ იზიარებს აჭარის სოფლის მეურნეობის ახლად არჩეული მინისტრი. ლაშა კომახიძის განცხადებით რეგიონში ჩამბარებელი პუნქტებიდან 24 უკვე მუშაობს და ციტრუსის საშუალო ფასი 65 თეთრია. სახელმწიფო სუბსიდია კი ერთ კილოგრამზე 10 თეთრს შეადგენს.

ციტრუსის კრეფის სეზონი ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში აქტიურ ფაზაში შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით რუსეთის, უკრაინის, სომხეთის და ყაზახეთის ბაზრებზე 11 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის ექსპორტი უკვე განხორციელდა.

ავტორი: შოთა კიკნაძე, თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები