01 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
ახალი ინიციატივა - ქონების გადასახადი ავტომობილების მფლობელებზეც გავრცელდა

კიდევ ერთი ახალი ეკონომიკური ინიციატივა კვირიკაშვილის მთავრობისგან - ქონების გადასახადი ავტომობილებზეც გავრცელდა. ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებითი სახსრების გაღება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ავტომფლობელ ოჯახებს მოუწევთ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება წელიწადში, მან უნდა გადაიხადოს ქონების გადასახადი კუთვნილებაში მყოფ ავტომობილზე. გადასახადი განისაზღვრება ავტომობილის ასაკის მიხედვით.

საგადასახდო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი აბესაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ გზით სახელმწიფო არ აპირებს, უარი თქვას გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებზე.

„ქონების გადასახადის ახალი სახის შემოღების გზით, რომლებიც ავტომობილებზე გადასახადს უკავშირდება, პირდაპირ მიგვანიშნებს სახელმწიფო, რომ, სამწუხაროდ, ის უარს არ ამბობს გაზრდილ ადმინისტრაციულ ბიუროკრატიულ ხარჯებზე და ამ თანხის დაფინანსებას, მათ შორის საკუთარი პირადი ფუფუნების დაფინანსებას, ის აპირებს მოსახლეობის ჯიბიდან. ეს გამოიწვევს მოსახლეობისთვის დამატებით ცხოვრების გაძვირებას, მოსახლეობის დამატებით გაღარიბებას,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

განმარტება გააკეთა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

„თუ საჭირო იყო რაღაც გადასახადის მომატება, სასურველი იყო, რომ შედარებით შეძლებულ ფენას დაკისრებოდა ეს საგადასახადო ტვირთი. თვითონ გადასახადის მომატება, რა თქმა უნდა, არასასურველი ფაქტია, მაგრამ მოკლევადიანო დაბალანსების პირობებში, ალბათ, სწორიც არის. ისე, ზოგადად მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში 17 ათასი ოჯახი იხდის მარტო ქონების გადასახადს, რაც მიმაჩნია, რომ საკმაოდ მცირე რიცხვია,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

 

ავტორი: ნატა მახვილაძე 

დღის ამბები