19 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
შეერთებული შტატების მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს საქართველოში - თომას მელია

რუსთავი 2-ის და მედიის თავისუფლების საკითხზე ჟურნალისტებთან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, თომას მელიამ ისაუბრა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმი მთავარი ელემენტია რუსთავი 2-თან მიმართებაში.

"შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს მტკიცედ უჭერს მხარს. ელჩმა კელიმ გამოხატა პოზიცია ამასთან დაკავშირებით. პლურალიზმი, მე ვფიქრობ, ის უმთავრესი ელემენტია, რომელზეც გავლენას ახდენს რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე დავა. ამის თაობაზე, ჩვენი შეხედულება საყოველთაოდ ცნობილია და ველოდებით, საქართველოში ვიხილოთ ეფექტური და მრავალფეროვანი მედია, რაც ყოველთვის იყო საქართველოს ძლიერი მხარე. იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში, ყოველთვის არსებობდა, თუნდაც ბოლო წლებში ბეჭდურ, ონლაინ და სატელევიზიო სივრცეში კრიტიკული აზრის გამოხატვის საშუალება. ჩვენ ვიმედოვნებთ და ველოდებით, რომ ეს გაგრძელდება," - აცხადებს თომას მელია. 

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემდე თომას მელია ამერიკის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო.  

დღის ამბები