01 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
საყოველთაო დაზღვევა საყოველთაო აღარ არის - ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის

საყოველთაო დაზღვევა საყოველთაო აღარ არის - კერძო კომპანიებში დაზღვეული, ან საშუალო და მაღალ შემოსავლიანი ოჯახები სახელმწიფო დახმარებას ვეღარ მიიღებენ. ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის და ის ნახევარ მილიონ მოქალაქეს შეეხება.

სოციალური სამართლიანობის მიღწევას მთავრობა, საყოველთაო დაზღვევიდან ბენეფიციარების ნაწილის ჩამოშორებით გეგმავს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აანონსებს ცვლილებას, რომლის შემდეგაც კონკრეტული შემოსავლის მქონე პირებს ან საერთოდ აღარ, ან მცირედით დააზღვევს სახელმწიფო. მათ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. კონკრეტულად რა შემოსავლის მქონე მოქალაქეები გამოეთიშებიან საყოველთაო დაზღვევას, უცნობია.

გარდა იმისა, რომ საშუალო და მაღალ შემოსავლიან მოქალაქეებს საყოველთაო დაზღვევა მოეხსნებათ, არ არის გამორიცხული, სახელმწიფომ მათ კერძო დაზღვევით სარგებლობა აიძულოს. რეფორმის ფარგლებში, სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებაც განიხილება.

თუ მთავრობა 530 ათას მოქალაქეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ჩამოაშორებს, ოპოზიციის აზრით, კერძო სადაზღვევო პაკეტები გაძვირდება.

რეფორმის გამო, კერძო სადაზღვევო პაკეტების შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ სადაზღვევოებშიც. კომპანიები მხოლოდ შემოსავლის მიხედვით დიფერენცირების სისტემის შემოღებას ეთანხმებიან.

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე 

დღის ამბები