08 მაისი 2024,   07:30
ვრცლად
ბუდაპეშტის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცი - ადგილობრივები მკვლელობაზე საუბრობენ

ბუდაპეშტის ქუჩაზე მცხოვრები 70 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე და მის სახლში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაწყებულია და სწორედ მოკვლევაზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა საქმის კვალიფიკაციის შეცვლა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები დღეს რამდენიმე საათი მუშაობდნენ. გამოძიების დასრულებამდე მომხდარის სავარაუდო ვერსიებზე უკვე საუბრობენ გარდაცვლილის მეზობლები. ბუდაპეშტის ქუჩაზე მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ ჯუმბერ კუპრეიშვილი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ბინას კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გაუჩინეს.

რა მოხდა კუპრეიშვილის ბინაში არ იციან, მაგრამ ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მოკლულის ნაცნობი იყო.

გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლები დღეს გამომძიებლებმაც გამოკითხეს. ბინაში მისულები იყვნენ მისი ნათესავებიც, თუმცა, მათ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და საქმეს კვალიფიკაცია ექსპერტიზების დასრულების შემდეგ მიეცემა.

დღის ამბები