01 მაისი 2024,   07:16
ვრცლად
არჩევნები საფრანგეთში - რომელი კანდიდატები იბრძოლებენ პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი

პრეზიდენტობის 11 კანდიდატიდან ჟან ლუკ მელანშონი ბოლო იყო, რომელიც საარჩევნო უბანზე მივიდა. მელანშონი ერთ-ერთია იმ 4 კანდიდატს შორის, რომელსაც არჩევნების მეორე ტურში გადასვლის ყველაზე მეტი შანსი აქვს. მის გარდა, საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტებად ლიბერალ ცენტრისტი ემანუელ მაკრონი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ფრანსუა ფიონი და ულტრა მემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი მიიჩნევიან. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ამ კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი 23 პროცენტიანი რეიტინგი პრეზიდენტობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატს, 39 წლის ემანუელ მაკრონს აქვს.

ექსპერტების შეფასებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა შესაძლოა არა მარტო ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის მომავალი განსაზღვროს. ფავორიტი 4 კანდიდატიდან ორი, მარინ ლე პენი და ფრანსუა ფიონი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებასაც უჭერენ მხარს.

1958 წელს, საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, ეს არის პირველი არჩევნები, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ლიდერი არ მონაწილეობს. მეორე ვადით კენჭისყრაზე მოულოდნელი უარი ფრანსუა ოლანდმა 2016 წლის დეკემბერში განაცხადა. 

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონის ფონზე მიმდინარეობს. რამდენიმე საათში კი გახდება ცნობილი, რომელი ორი კანდიდატი იბრძოლებს 7 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები