01 მაისი 2024,   06:18
ვრცლად
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების  წინასწარი შედეგებით პირველი რაუნდი ლიბერალ-ცენტრისტმა ემანუელ მაკრონიმ მოიგო, მეორე ადგილს კი ულტრა მემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი იკავებს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ Sky news-მა გაავრცელა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ ეს კანდიდატები დაუპირისპირდებიან. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, რომელსაც CNN ავრცელებს ემანუელ მაკრონს 24% აქვს, მარინ ლე პენს კი 21,8. 

პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად სულ 11 კანდიდატი იბრძოდა. საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტებად კი ულტრა მემარცხენე ჟან ლუკ მელანშონი, ლიბერალ-ცენტრისტი ემანუელ მაკრონი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ფრანსუა ფიიონი და ულტრა მემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი მიიჩნეოდნენ.

ექსპერტების შეფასებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა შესაძლოა არა მარტო ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის მომავალი განსაზღვროს. მარინ ლე პენი და ფრანსუა ფიონი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებასაც უჭერენ მხარს.

1958 წელს, საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, ეს არის პირველი არჩევნები, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ლიდერი არ მონაწილეობს. მეორე ვადით კენჭისყრაზე მოულოდნელი უარი ფრანსუა ოლანდმა 2016 წლის დეკემბერში განაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონის ფონზე მიმდინარეობს. რამდენიმე საათში კი გახდება ცნობილი, რომელი ორი კანდიდატი იბრძოლებს 7 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები