01 მაისი 2024,   05:47
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობისას ბენიტო მუსოლინის იდეების შემოღებაში ადანაშაულებს

ხმაური და კამათი პარლამენტის სხდომაზე - უმცირესობამ უმრავლესობა მუსოლინის მსგავსი ცვლილებების შემოღებაში დაადანაშაულა. საპარლამენტო ოპოზიცია გაუნაწილებელი მანადატების გადაცემის იდეას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას უნდა გადაეცეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იგივე ინიციატივით მე-20 საუკუნის დასაწყისში ფაშისტური იტალიის ლიდერი ბენიტო მუსოლინი გამოდიოდა.

„საარჩევნო სისტემა, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ქვეყანას, მინდა გითხრათ, რომ  იგივე პრინციპების საარჩევნო სისტემა მე-20 საუკუნის დასაწყისში, 23 წელს, მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს,“- განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.

ამ ბრალდებას, თავად პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა და მუსოლინის სისტემის შექმნაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა.

„მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ მუსოლინის სისტემას ვცვლით დემოკრატიული სისტემით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულმა სისტემა შესაძლოა მუსოლინის სისტემაზე უარესიც კი იყოს.

„თქვენი შემოთავაზებული სისტემით 25 პროცენტი კი არა, შეიძება უფრო ნაკლები მიიღოთ და მაინც წაიღოთ ის ხმები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა მისცეს პარტიებს, რომლებმაც ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკოსები ტყუილში დაადანაშაულა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პარლამენტის სპიკერს მოუწოდეს, რომ ყოველი გამომსვლელის შემდგომ კომენტარებისგან თავი შეეკავებინა.

„თქვენ მუსოლინს ნამდვილად არ გავხართ, მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო, თქვენ ისევე განსხვავდებით მუსლინის მასშტაბებისაგან, როგორც იტალიის ეროვნული სია განსხვავდება ქართული ოცნების სიისაგან,“ - განაცხადა ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრმა,  აკაკი ბობოხიძემ.

ამ განცხადებებს სხდომაზე დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებები და კამათი მოჰყვა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს უნდობლობა გამოუცხადეს.

„ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ამ პროცესს, მათ უნდათ, რომ ყველანი, მათ შორის არასამთავრობო სექტორი, გამოიყენონ ფასადად, ჩვენ ხალხს მივაწვდით ჩვენს მართალ სიტყვას, მაგრამ არა საპარლამენტო კომისიის შემადგელობაში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, ირაკლი კობახიძემ უკვე წარადგინა და კენჭისყრა სავარაუდოდ დღის ბოლოს გაიმართება.

 

დღის ამბები