04 მაისი 2024,   09:26
ვრცლად
გასაუბრების პროცესი დაიწყო - სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 5-კაციანი სია დღეს გახდება ცნობილი

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 5-კაციანი სია, რომელიც მთავრობას წარედგინება, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. კონკურსის მესამე ეტაპი იუსტიციის სამინისტროში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გასაუბრება დღის განმავლობაში 11-მა პრეტენდენტმა უნდა გაიაროს.

კანდიდატები გასაუბრების მიმდინარეობას დადებითად აფასებენ და ყველა მათგანს იმედი აქვს, რომ მოხვდება იმ 5 ადამიას შორის, რომელიც კომისიამ უნდა გადაუგზავნოს მთავრობას და საბოლოო ჯამში და მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თამარ ალანია აცხადებს, რომ პოზიტიური მოლოდინები აქვს და მიიჩნევს, რომ ყველა შეკითხვას გაართვა თავი.

„კითხვები დაისვა ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, განხილულ საქმეებთან მიმართებაში. კითხვები იყო ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით, ასევე გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში, სასამართლოსთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თამარ ალანიამ.

გასაუბრებაზე დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ.

„კითხვები ეხებოდა როგორც პროფესიულ გამოცდილებას, ისევე  წარსულ, კარიერულ მოღვაწეობას. ასევე იმ შესაძლო რეფორმებზე, რომელსაც წარმატების შემთხვევაში განვახორციელებ თუკი გავხდები ევროპის სასამართლოს მოსამართლე,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კომისიას ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მის შემადგენლობაში შედიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. 

„ბევრმა კვალიფიციურმა კანდიდატმა შემოიტანა გუშინ განაცხადი. გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი წესიერი კანდიდატია, რომელსაც აქვს წესიერი წარსული, რომელიც არის ძალიან სერიოზული პროფესიონალი,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დღის ამბები