30 აპრილი 2024,   23:47
ვრცლად
საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი - საკონსტიტუციო ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე იხილავენ

პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რიგგარეშე სხდომას, "ევროპული საქართველოს" წევრები ესწრებიან. კითხვები, ოპოზიციის წევრების მხრიდან, ძირითადად უკავშირდება საარჩევნო სისტემას, პრეზიდენტის არჩევის წესს და უშიშროების საბჭოს.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა, კითხვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რომელსაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის დასახელება მოსთხოვა.

სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ენძელა მაჭავარიანმა, რომელმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე, მაშინ როცა ამისთვის კარგად იქნება მომზადებულები.“

ოპოზიციის კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ ვენეციის კომისიას, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თხოვნით მიმართეს ოქტომბერში, კიდევ ერთი დასკვნის შედგენის შესახებ, სადაც იქნება საბოლოო პოზიცია ასახული.

„ის გაჟღერებული პოზიცია, რომლის თანახმადაც, მომავალი არჩევნები ტარდება შერეული სისტემით, ეს არის ის მოცემულობა, რომელთან დაკავშირებითაც, უმრავლესობა შეჯერდა და შემდეგ საუბარია, 2024 წლიდან უკვე პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებაზე. ბუნებრივია, შერეული სისტემა არ არის ასახული ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დოკუმენტში წარმოდგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს. კითხვები ეხებოდა ასევე უშიშროების საბჭოს გაუქმებასაც. ირაკლი კობახიძე კი უშიშროების საბჭოს არაეფექტურობაზე მიუთითებს.  

„დღეს უშიშროების საბჭო არის ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი,“ - აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები