30 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
90-იან წლებში „ნომერ პირველ ტერორისტად“ წოდებული შოთა ჭიჭიაშვილი გივი თარგამაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს

90-იანი წლების ბოლოს საქართველოს ეროვნული უშიშროების მინისტრის მიერ „ნომერ პირველ ტერორისტად“ წოდებული შოთა ჭიჭიაშვილი პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრს, გივი თარგამაძეს, ცილისწამებაში ადანაშაულებს.

„პოსტსკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტში გივი თარგამაძე 2016 წლის 4 ოქტომბერს მასზე განხორციელებულ თავდასხმას, მისი მანქანის აფეთქებას იხსენებდა. დეპუტატმა, სამართალდამცველები უმოქმედობაში დაადანაშაულა და გამოძიება თავად ჩაატარა. გივი თარგამაძემ იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, პირდაპირ თუ ირიბად, მასზე თავდასხმის ფაქტთან იყვნენ დაკავშირებულები. მათ შორის იყო 90-იანი წლების ბანდიტური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, შოთა ჭიჭიაშვილი.

თავად ჭიჭიაშვილი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის გივი თარგამაძეს საერთოდ არ იცნობს, მის მიმართ არც კეთილგანწყობილი და ჯერჯერობით არც მტრულად არის განწყობილი.

დეპუტატი კი ფიქრობს, რომ მასზე თავდასხმის განსახორციელებლად პირადი მტრობა საჭირო არ არის, რადგან ჭიჭიაშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან ყოველთვის თანამშრომლობდა და 90-იან წლებში ამაზე ბევრი ადამიანი საუბრობდა.

შოთა ჭიჭიაშვილი სპეცსამსახურებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და მტკიცებულებების გარეშე უარყოფით კონტექსტში მისი სახელის ხსენებისგან თავის შეკავებას ითხოვს.

ჭიჭიაშვილის ბანდის წევრების ანგარიშზეა არაერთი მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა თუ იმ პერიოდის ყველაზე გახმაურებული კრიმინალური შემთხვევები.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები