21 მაისი 2024,   09:42
ვრცლად
რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად და კიდევ ერთხელ დაგელოდებით ან რუსული, ან ცუდი რა არის, იქნებ რომელიღაცამ ამოთქვათ - მამუკა მდინარაძე ოპოზიციას 

პარლამენტის პლენარული სხდომა მწვავე პოლიტიკური განცხადებებით და ხმაურის ფონზე გრძელდება. მთავარი თემა გამჭვირვალობის კანონი, "ქართული ოცნების" ორგანიზებული აქცია და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებია.

დეპუტატებს შორის რამდენჯერმე იყო კამათი. ოპოზიცია მმართველ გუნდს ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" შეკრებაზე ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები მათი ნების საწინააღმდეგო ჩამოიყვანა.

უმრავლესობა ოპონენტებს სპეკულაციებში სდებს ბრალს და განმარტავს, რომ, შეკრებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს მშვიდობას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ევროპულ გზას. დღეს პარლამენტში დაგეგმილია გამჭვირვალობის კანონის მეორე მოსმენით განხილვა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ, სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დაზუსტება მოითხოვა, რაზეც მას მამუკა მდინარაძემ უპასუხა:

"თქვენ რაც გაწუხებთ, იმასთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს - არსად გვეჩქარება. ორი დღეც, სამი დღეც, რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, მივყვეთ ჩვეულებრივად, მუხლობრივად, არსად ვიჩქარებთ, გუნდის სახელით გეუბნებით. დღეს, ალბათ, არ მოესწრება. გაყრა თქვენს გამო იყო, დღესაც გაგყრიან თუ ისე მოიქეცით, გუშინ როგორც იქცეოდით. ეგ არის ჩვეულებრივი პროცედურა, გასაყრელები გაყარეს გუშინ. თუ მაგაზე გინდოდათ დისკუსიაში შემოსვლა, შემოვედი მეც და თუ პროცედურაზე გაინტერესებთ, არსად გვეჩქარება. არც გუშინ გვეჩქარებოდა, მაგრამ თქვენ მოიქეცით ისე, რომ დარჩით გარეთ. შესაბამისად ამისა, არსად გვეჩქარება, შეიძლება დასჭირდეს სამი დღეც, არანაირი პრობლემა არ არის, რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად და კიდევ ერთხელ დაგელოდებით ან რუსული, ან ცუდი რა არის, იქნებ რომელიღაცამ ამოთქვათ რამენაირად," - მიმართა მამუკა მდინარაძემ ხატია დეკანოიძეს.

დღის ამბები