17 მაისი 2024,   04:32
ვრცლად
საკმარისი დრო ჰქონდა, რომ რაღაც გაეკეთებინა ამ ქვეყნისთვის - მან გააკეთა ერთადერთი რამ - შეინარჩუნა თავისი კლეპტოკრატიული მმართველობა - მამუკა ხაზარაძე

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა და "ქართული ოცნების" სახალხო შეკრება დილიდან პოლიტიკური დისკუსიის თემაა. ხელისუფლების ოპონენტები რეპრესიებსა და ანტიდასავლურ გზავნილებზე საუბრობენ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია გზავნილი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა, ან პენსია, სტუდენტები და ემიგრაცია და ამ "აბსურდულ" თემებზე ისაუბრა.

"მან ილაპარაკა აბსურდულ რაღაცებზე. 12 წელი ჰქონდათ გასასამართლებლად. მას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ რაღაც გაეკეთებინა ამ ქვეყნისთვის. მან გააკეთა ერთადერთი რამ - შეინარჩუნა თავისი კლეპტოკრატიული მმართველობა. არანაირი გზავნილი, როგორი უნდა იყოს ქვეყანა ან ეკონომიკა, ან პენსია, სტუდენტები, ემიგრაცია - ამაზე არაფერზე არ უსაუბრია," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

პარტიის "ახალი" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთი დაადანაშაულა საქართველოსთვის სუვერენიტეტის წართმევის მცდელობაში.

"რას ნიშნავს ჩვენი ქვეყანა იბრძვის სუვერენიტეტისთვის? ეს არის ტექსტი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთი დაადანაშაულა საქართველოსთვის სუვერენიტეტის წართმევის მცდელობაში. მან ყველაზე ხშირად, ამ გამოსვლის დროს, ახსენა სიტყვები - მე და სუვერენიტეტი. ეს სიტყვები ერთმანეთთან არის შეუთავსებელი." - აცხადებს ნიკა გვარამია.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ომს უცხადებს ყველა პროდასავლურ ძალას, მათ შორის - ენჯეოებსა და პროდასავლურ პარტიებს.

"ნაციონალური მოძრაობა" 12 წლის განმავლობაში არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნე და არის სწორადაც მთავარი სამიზნე. იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ის, ვინც მთავარ წინააღმდეგობას უწევს," - აცხადებს ანა წითლიძე.

დღის ამბები